ალტერნატივა გარე მოვაჭრეებისთვის


  ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მერია ქალაქში არსებული უკანონო გარე ვაჭრობის აღკვეთისა და უნებართვოდ განთავსებული უსახური ნაგებობების დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. სანაცვლოდ კი, გარე მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ თავიანთი საქმიანობა კეთილმოწყობილ და სათანადოდ აღჭურვილ სავაჭრო ადგილებზე განაგრძონ, რომელიც სს "მეტრო ავრასია ჯორჯიამ" მათთვის სიმბოლურ ფასად გამოჰყო.


  ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ბათუმის მერიასა და სს "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის შესაბამისად, ქალაქში არსებული უკანონო გარე ვაჭრობის, საზოგადოებრივი ადგილების თვითნებურად შეზღუდვისა და უნებართვოდ განთავსებული უსახური ნაგებობების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებისას ბათუმის მერია აღწერს მონაცემებს ყველა გარე მოვაჭრის შესახებ და შესთავაზებს მათ ალტერნატიულ ფართს გოგოლის #1-ში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე. 


  სს "მეტრო ავრასია ჯორჯია", თავის მხრივ, უზრუნველყოფს 130 კეთილმოწყობილი სავაჭრო დახლისა და საჭიროების შემთხვევაში, 40 დახურული ჯიხურის სიმბოლურ ფასად - თითოეული ადგილისთვის თვეში ერთ ლარად გამოყოფას. შესაძლებელია დამატებით 60 სავაჭრო დახლის გამოყოფა იმ შემთხვევაში, თუ დახურული ჯიხურების გამოყოფის საჭიროება არ დადგება. გარემოვაჭრეებს გაუფორმდებათ შესაბამისი ხელშეკრულება. აღნიშნულ საფასურში გათვალისწინებული კომუნალური გადასახადებიც.

Facebook - კომენტარები